ორსული ქალებისთვის კორონავირუსით ინფიცირება სერიოზულ რისკებს უკავშირდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ორსულობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ამარტივებს რესპირატორული ვირუსებით მდგომარეობის დამძიმებას.
რისკი განსაკუთრებით მაღალია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით :
თანდაყოლილი დაავადებები;
25 წლის ზემოთ ასაკი;
ცხოვრება, ან მუშაობა საზოგადოებაში, სადაც მაღალია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა;
მუშაობა დაწესებულებებში, სადაც რთულია სოციალური დისტანციის დაცვა.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსმა ორსულობის დროს
კოვიდით ინფიცირებულ ორსულებში ნაადრევი მშობიარობის დიდ რისკთან ერთად (37 კვირაზე ნაკლებ ვადაზე), ნაყოფის გარდაცვალების საშიშროებაც არის.
ექიმები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ქალებს ურჩევენ, აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია. აცრა აუცილებელია მაშინაც, თუ ქალი ორსულობას გეგმავს.
თუ ორსული სრულად ვაქცინირებულია, ის დაცულია დაავადების გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, აიცრას ყველა ადამიანი, ვისაც ორსულთან აქვს შეხება.
საქართველოში ორსულებს ვაქცინაცია „ფაიზერით" შეუძლიათ. საქართველოს დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ კომპონენტს. იგი უსაფრთხოა ორსულებისთვის.
რაც შეეხება ცოცხალ ვირუსებზე დაფუძნებულ ვაქცინებს, ისინი არ გამოიყენება ორსულობის დროს, რადგან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს როგორც ორსულს, ასევე -ნაყოფს. ორსულებისთვის რეკომენდებულია არაცოცხალი ვაქცინები, მაგალითად, როგორიცაა გრიპისა და ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინები.
კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები გადიან ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, რაც ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას COVID-19-ის მიმართ.