თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროკავშირმა განაახლოს თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და მიიღოს იგი თავის რიგებში. იუწყება Anadolu.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლება და წინსვლა ერთი დღითაც აღარ უნდა დააყოვნოს.
„ჩვენ ველით, რომ ისინი გაიგებენ, რომ ურთიერთობების წინსვლა ასეთი ორაზროვანი პოზიციით შეუძლებელია, რაც უკვე არაერთხელ გვინახავს.
„ევროპასა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების, ასევე ევროკავშირში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ნათელი გახდება, რომ კავშირს სჭირდება ისეთი დინამიური და პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე წევრი, როგორიც თურქეთია“, - განაცხადა მან.
„ჩვენ მზად ვართ სრული წევრობისთვის“, - დასძინა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ „მოძველებული, აკვიატებული პოლიტიკური შეხედულებებისგან გათავისუფლება შეიძლება იყოს ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირისთვის ახალ ერას გახსნის“.
თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 1987 წელს შეიტანა. მან ოფიციალურად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 1999 წელს მიიღო, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო.
თუმცა, პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების, კვიპროსის კონფლიქტისა და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობების გამო.