COVID-19-ის პანდემიის გამო 2021 წელს მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიამ შესაძლოა, 2 ტრილიონი დოლარის დანაკარგი განიცადოს. ამის შესახებ საერთაშორისო მედია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ტურიზმის სექტორის აღდგენას "ნელი" და "მოწყვლადი" უწოდეს. იმის მიუხედავად, რომ UNWTO-მ ივლის-სექტემბერში, დანიშნულების ქვეყნებში ტურისტების შესვლის მზარდი მაჩვენებელი დააფიქსირა, ეს ციფრები 2019 წლის შედეგებზე მაინც 64 პროცენტით ნაკლებია. 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ვიზიტების რაოდენობამ, პანდემიის დაწყებიდან, მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ ეს რიცხვი, 2019 წელთან შედარებით, მაინც 63 პროცენტით უფრო დაბალია, "იმ დროს, როცა ევროპამ, ჩრდილოეთ ამერიკამ და სამხრეთ ამერიკამ 2021 წლის მესამე კვარტალში შედარებითი ზრდა გვიჩვენეს, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 95%-ით შემცირდა. ამ რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სინგაპურის და ჩინეთის ჩათვლით, COVID-19-ის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას ატარებს და საერთაშორისო მოგზაურობაზე მკაცრ შეზღუდვებს აგრძელებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
UNTWO-ს ანგარიშის მიხედვით, "მსოფლიოში ვაქცინაციის არათანაბარმა მაჩვენებლებმა და ვირუსის ახალმა მუტაციებმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინონ ტურიზმის ისედაც ნელ აღდგენაზე. მით უფრო, როგორც ცნობილია, ახალ, "ომიკრონ-შტამის" გამოჩენასთან ერთად, ბევრმა ქვეყანამ დამატებითი შეზღუდვები შემოიღო.
"РБК-Украина" წერს, რომ UNTWO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლილიკაშვილმა სახელმწიფოებს მოუწოდა, შეზღუდვები შეათანხმონ ისე, რომ ადამიანებმა მომავალი მოგზაურობების დაგეგმვა შეძლონ.