კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ "მთავარ არხზე" დაკისრებულ 112 000-ლარიან ჯარიმას, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
გვარამიას განცხადებით, "მთავარი არხი" ჯარიმის გადახდას არ აპირებს და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
"დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა და მიიღო უპრეცენდენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 ათასი ლარი. აქამდე რეკორდი იყო 58 ათასი ლარი და ეგეც ჩვენ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება იყო, თუ გახსოვთ, მაშინ შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის საუბარი იყო, ახლა უკვე ამ ორ კლიპთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება. უფრო სწოად, მანამდე მიიღეს, "გაათავისუფლე მიშას" გამო გადაწყვეტილება, მიმართეს სასამართლოს და სასამართლომ უარი თქვა. ხვალ 14:00 საათზე პროცესია ჩანიშნული ამ მიშას კლიპებთან დაკავშირებით.
დღეს აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2 კლიპის გამო. პირველი - "სირცხვილიას" კლიპი, არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილ იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, "კლავს". ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომლებიც სააკაშვილზე საუბრობდნენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე", - ამბობს ნიკა გვარამია.
გვარამია კომისიის გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს.
ე"ს არის ცენზურის გადაწყვეტილება და მინდა იცნობდეთ ივანიშვილის პირად ცენზორებს და თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მთავარი ჯალათი არის ეს კაცი, რა თქმა უნდა, თავისი კორუფციული სქემებით და არაერთხელ ვამხილეთ, ეს არის კახა ბექაური, შემდეგი, ეს არის ვახტანგ აბაშიძე, რომელიც ვითომ გვიღიმის და არაფრით არ განსხვავდება ამ შავბნელი ხალხისგან და მესამე არის ეკატერინე იმედაშვილი... ესეც არის ჯალათი თავისუფალი სიტყვის და ცენზორი", - აღნიშნავს გვარამია.
ამასთან, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, ასევე აშშ-ის საელჩოს, ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს მიმართავს და ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო, "მთავარი არხი" 112 000 ლარით დააჯარიმა.