გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმართულებებზე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) სტრატეგიის საკითხებზე ისაუბრეს.
ლევან დავითაშვილმა ბანკის წარმომადგენლებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და ყურადღება ინვესტიციების მოზიდვის და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობებზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებით შექმნილ გამოწვევებს და მასთან გამკლავების საკითხებსაც.
„ჩვენი სამინისტროს მიზანია, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორი მაქსიმალურად განვითარდეს, გაიზარდოს წარმოება და, შესაბამისად, შემოსავალი. ამის პოტენციალი ქვეყანაში რეალურად არსებობს. დარგში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით და ახალ ბაზრებზე წვდომით, ამ პოტენციალის გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეინ როზენტალმა მინისტრს ის მიზნები გაუზიარა, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერ აგრარული სექტორის ხელშეწყობას განსაზღვრავს და განსაკუთრებული ყურადღება წყლის რესურსების მართვის საკითხებზე გაამახვილა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.