საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალიდან საზოგადოებას მიმართავს.მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის სასამართლოში ნულოვანია მისი შანსი, თუმცა მიუხედავად ამისა ის მაინც ითხოვს უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მისცენ და დაასწრონ პროცესებს.
„მიმართვა საქართველოს საზოგადოებას,
დიდი მადლობა ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის. პუტინი, ივანიშვილის ხელით, ყველაფერს იზამს ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. რომ არა თქვენი მრავალრიცხოვანი აქციები, ნინო ლომჯარიას გამბედაობა და კომპეტენტურობა, რომ არა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციის დაცვის მიმართულებით, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, არაფერი გამოვიდოდა.
ჩემი მძევლობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულად აკრძალვით, ყველა ჩემი კანონიერი უფლების მიზანმიმართული დარღვევის გზით, მე არ მეძლევა არანაირი შესაძლებლობა, ჩავერთო ქართველი ხალხის გადამწყვეტ ბრძოლაში ბნელი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ივანიშვილის სასამართლოში ნულოვანია ჩემი შანსი, ვიპოვო სამართალი. ივანიშვილს რომ მართლა სურდეს ჩემი გასამართლება სამართლიანობის აღდგენის მოტივით, იგი დათანხმდებოდა ჩემ მიერ შეთავაზებული მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს შესახებ. კვლავ ვიმეორებ ამ შეთავაზებას და ვაცხადებ, რომ მე, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარვდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დავიცვა ჩემი სიმართლე და გავიმარჯვო.
მიუხედავად ამისა, უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მომცენ და დამასწრონ ჩემს პროცესებს, სადაც დაველაპარაკები ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს.
სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია. რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას.
რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.
შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს.
ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა“, – აღნიშნულია მიმართვაში.