სააკაშვილმა რა შეცდომების დაუშვა თუ არ დაუშვა, როგორ იბრძოლა თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ .
„სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა. გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის, რომ არ გაუვლია ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას მერე. სააკაშვილმა რა შეცდომების დაუშვა თუ არ დაუშვა, როგორ იბრძოლა თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. სააკაშვილი ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, გაცილებით მაღლაა, ვიდრე „ვარდების რევოლუციის" დროს იყო. ეს პირადი ამოცანა მას უკვე შესრულებული აქვს, ემოციური, მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს. ის აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ გაესუფთავებინა საკუთარი თავი, არამედ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა მისი აზრით, ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში, ეს ამოცანა შესრულებადია“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობის პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
8 ნოემბერს სააკაშვილი გადაიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, შიმშილობა შეწყვიტოს, თუ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში.
ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა, რაზეც ის დათანხმდა.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.