ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოს არჩეულ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით ზეწოლას ახდენდნენ.
გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად "ოცნებას" ენმ-ს ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა სჭირდებოდა, რის გამოც ნუგზარ ფუტკარაძის "მოსყიდვა" გადაწყდა.
"ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას", - თქვა გიორგი კირთაძემ.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს.
კირთაძის განცხადებით, ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე.
მისივე ინფორმაციით, ორივე მათგანს აჭარის რევოლუციის შემდეგ მოუწია აჭარიდან წასვლა და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდნენ ქალაქში.
"მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ როცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები, დარწმუნებული ვარ მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე", - თქვა კირთაძემ.
ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.