ონლაინ კაზინოებისთვის გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, დაბეგვრის ახალი მექანიზმების ამოქმედება იქნება ეტაპობრივი და დაბალანსდება წლების განმავლობაში.
„ბუნებრივია, ახალი რეგულაციები გამოიწვევს მნიშვნელოვნად შემცირებას სექტორში ჩართული მოთამაშეების მეორე მხრივ, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოს იმას, რომ მეტ-ნაკლებად დააბალანსოს ის დანაკლისი, რაც იქნება წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ეტაპების მიხედვით მოხდება დაბეგვრის შესაბამისი მექანიზმების უფრო მეტად ჩამოყალიბება, დანაკლისი არ იქნება ერთ რომელიმე წელზე, ეს იქნება გათვალისწინებული პერიოდზე, რომელიც დაბალანსდება წლების განმავლობაში. ამ შემთხევაში, საუბარი არ არის, წელს ან მომდევნო წლიდან სრულად იკრძალება ყველაფერი. ამ შემთხევაში, საუბარია იმაზე, რომ ერთი მხრივ, სექტორი მნიშვნელოვნად იზღუდება და მეორე მხრივ იზრდება საგადასახადო ტვირთი, რაც პარალელურად გულისხმობს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება," -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.