რუსეთში, ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟკის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მანქანიდან ყელგამოჭრილი კაცის ცხედარი გადმოვარდა.
ადგილობრივი მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ შეჯახებისას ავტომანქანის საბარგულიდან ცხედარი გადმოვარდა, რის შემდეგაც სალონში მყოფი რამდენიმე ადამიანი გადმოხტა და ტყისკენ გაიქცა.
შემთხვევა 20 ნოემბერს "პეტერბურგი-სორტავალას" ავტომაგისტრალზე მოხდა. Mitsubishi Galant-ის მარკის ავტომანქანა ავარიულ გაჩერებას შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მანქანიდან 10 მეტრში დაახლოებით 40-დან 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
მანქანის სიახლოვეს პოლიციელებმა ასევე ნიჩბები და ტომრები აღმოაჩინეს, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ მანქანიდან გაქცეული ადამიანები სავარაუდოდ ცხედვის დამარხვას აპირებდნენ.
მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები უკვე დააკავეს.