ცოტას დავიტრაბახებ, უკაცრავადა ვარ, თქვენ ვერ ნახავთ პოლიტიკის ისტორიაში, რომ მოვიდა გუნდი, გაიმარჯვა, დავინიშნე საქართველოს პირველ პირად და რაც დავპირდი მოსახლეობას, გავაკეთე, - ამბობს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, რომელიც "შაბათის ფორმულამ" მოიპოვა.
"ცოტას დავიტრაბახებ, უკაცრავადა ვარ, თქვენ ვერ ნახავთ პოლიტიკის ისტორიაში, რომ მოვიდა გუნდი, გაიმარჯვა, დავინიშნე საქართველოს პირველ პირად და რაც დავპირდი მოსახლეობას, გავაკეთე. ერთი წლის შემდეგ, როდესაც პიკში ვიყავი, თანამდებობა დავტოვე. ასეთი მაგალითი მეორე არ არსებობს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, ამას გეუბნებით გულწრფელად, რომ იცოდეთ. მთელი ხალხი უკან დამდევდა, არავის ჩემი წასვლა არ უნდოდა მაგ დროს, როდესაც წავედი, იმდენად პოპულარული ვიყავი", - თქვა ივანიშვილმა.
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ეს კადრები 18-19 ნოემბრით თარიღდება, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბერმუდის სასამართლოში Credit Suisse-სთან ფინანსურ დავასთან დაკავშირებულ პროცესს ესწრებოდა და ჩვენებას აძლევდა.
ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს 400 მილიონი დოლარის გაუჩინარებას ედავება.