ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა დასავლეთ საქართველოში სისხლის ბანკი გახსნა, რომელიც „სისხლის ცენტრის“ სახელით იწყებს ფუნქციონირებას. სტრატეგიული მნიშვნელობის ერთეული უანგარო დონაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყანაში სისხლის პროდუქტებზე არსებული დეფიციტის შევსებას ემსახურება.
სისხლის ცენტრის პარტნიორია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელთან მოლაპარაკებების ფარგლებშიც მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. თანამშრომლობა პოტენციური დონორების მოზიდვას და საქართველოში სისხლის მარაგის გაზრდას ისახავს მიზნად.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში 10-15 ათას ადამიანს სჭირდება. სისხლის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი მნიშვნელოვანია გაიზარდოს იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც სისხლს უანგაროდ გაიღებს და გადაარჩენს სიცოცხლეს. ახლადგახსნილი სისხლის ცენტრის კრეატიული კონცეფცია და სლოგანიც ამ კამპანიის მისიას ასახავს - აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი!
ცნობადობის ამაღლების მიზნით, სისხლის ცენტრმა უკვე დაიწყო გასვლითი შეხვედრები რეგიონებში. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კი სისხლის უფასო დონაციის შესაძლებლობა 2 რეგიონში, 4 ლოკაციაზე გააჩნია:
• ქუთაისში (ჯავახიშვილის N85 და ოცხელის ქ. N2),
• ბათუმში (აეროპორტის გზატკეცილი, N64)
• ქობულეთში (აბაშიძის ქ. N18)
სამომავლოდ, სისხლის ასაღები პუნქტების გახსნა საქართველოს 6 რეგიონში, ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ბაზაზეა დაგეგმილი.
დონაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან რეგისტრაციის გასავლელად დარეკეთ ნომერზე: 591 98 26 25