მიხეილ სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა გლდანის მე-18 დაწესებულება.
"სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან იყოჩაღეს ექიმებმა", - ამბობს ნიკა გვარამია.
ცოტა ხნით ადრე, მედიასთან კომენტარი გააკეთა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
"პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი. დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი. ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. თუმცა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა... მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული პაციენტთან", - თქვა ქილიფთარმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ის მოსხლეტით წაიქცა და საკაცით გაიყვანეს.