საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ინგლისურ ენაზე საერთაშორისო პარტნიორების მისამართით განცხადებას ავრცელებს.
"ყველა, ვინც გლდანის ციხეში სააკაშვილის წამების აბსოლუტურად ცხად შემთხვევაზე დუმს, სამართლიანად უნდა ჩაითვალოს თანამონაწილედ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მკვლელობისა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ყველაზე მძიმე შედეგი ქვეყნის სტაბილურობის, დემოკრატიისა და დასავლური პერსპექტივისთვის.
ყველა ნიშნავს ყველას: ინდივიდებს, ინსტიტუტებს, პარტნიორებს", - ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობს. ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ამ პირობის დაკმაყოფილებისთანავე, ის მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.
გუშინ, მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და პირველად ამ დროის განმავლობაში ლოგინიდან წამოდგომა ვერ შეძლო. ამ განცხადების საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარება სტაბილურია.
გუშინვე, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ონლაინ პეტიცია დარეგისტრირდა.