საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან აფასებს საქართველოს მხრიდან მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
„უკრაინისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 სექტემბერის განცხადება ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს დეოკუპაციის შესახებ ჩვენი პოზიციების თანხვედრის დასტურს“, - აღნიშნა სტეფანჩუკმა.
ასევე, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი სამხედროების და მათის ოჯახის წევრების რეაბილიტაციისათვის.
გარდა ამისა, რუსლან სტეფანჩუკმა ხაზი გაუსვა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.
„ჩემი აზრით, ასეთი ასამბლეა ხელსაყრელი საერთაშორისო მექანიზმია, რათა ევროინტეგრაციის კუთხით განვახორციელოთ ერთობლივი ინიციატივები და აგრეთვე, გაუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიას“, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა.
გარდა ამისა, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებ ქართულ მხარეს, რათა ბატონი სააკაშვილის საქმე განხილულ იქნას ობიექტურად და მიუკერძოებლად. ჩვენ მადლიერი დაგრჩებით, თუ განიხილავთ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხს და მისცემთ უკრაინელ ექიმებს ნებართვას, რომ დამატებითი გამოკვლევა ჩაატარონ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.