ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისია მომავალი სხდომისთვის პროკურატურიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყველა მასალას გამოიხმობს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს კომისიის სხდომაზე მიიღეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, აუცილებელია კომისია პირველ რიგში გაეცნოს გამოძიების ხელთ არსებულ მასალას.
"როგორც ვიცი 2003 წელს დაიწყო აღნიშნული ფაქტის გამოძიება, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გამოძიების ხელთ არსებული მასალა დღემდე არ გამხდარა საჯარო და პირველ რიგში პროკურატურიდან ამ მასალას გამოვითხოვთ", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
როგორც მან აღნიშნა, ეს შეეხება 2003 წლიდან დღემდე არსებულ ყველა მასალას. გარდა ამისა, კომისია ითხოვს შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ყველა მასალას, რომლის თანახმად, თავის დროზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. '
აღსანიშნავია რომ პროკურატურისთვის გასაგზავნ წერილს კომისია დახურულ ფორმატში შეიმუშავებს.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე დღეს აჩვენეს დოკუმენტური ფილმი "დინების საწინააღმდეგოდ". აღნიშნული ფილმი არის პარტია თავისუფლების მიერ დაფინანსებით და ორგანიზებით გადაღებული ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე. როგორც კონსტანტინე გამსახურდია განმარტავს, იგი უშუალოდ იყო ამ ფილმის გადაღებაში ჩართული და ფილმი გაკეთდა 2007 წელს და ამ წელსვე ორ ნაწილად გადაიცა ტელეკომპანია იმედის ეთერით. ფილმი საათ-ნახევრიანია და დღეს კომისის სხდომაზე ფილმი სრულად აჩვენეს, რის შემდეგაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფიმლის ის რესპოდენტები, რომლებსაც ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებში ჰქონდათ ურთიერთობა ან ფლობდნენ გადმოცემით რაიმე ინფორმაციას, დაბარებული იქნებიან კომისიაში ჩვენების მისაცემად. თუმცა დასაბარებელი პირების თანმიმდევრობა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. კომისიის გადაწყვეტილებით ასევე მოხდება კომისიაში ისტორიკოსების, ფსიქოლოგებისა და გამომძიებლების მიწვევა, რომლებიც კომისიის წევრებს მიღებული ინფორმაციის გაანალიზებაში დაეხმარებიან.
კომისიის მომავალი სხდომის თარიღი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი.