საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის გუშინდელ განცხადებას სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციის 20-მდე მოსამართლე ემიჯნება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელმომწერი მოსამართლეები, სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებების მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, საჯაროდ დავაფიქსიროთ ერთობლივი პოზიცია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებების წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით. აქვე ღიად ვაფიქსირებთ ნებისმიერი ჩვენი კოლეგის განსხვავებული მოსაზრების მიმართ პატივისცემას. ვემიჯნებით პოლიტიკური შინაარსის ნებისმიერ განცხადებას, მათ შორის, სასამართლოს განვითარების გეგმასთან დაკავშირებით.
საქართველოსთვის, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნისთვის, სასამართლო ხელისუფლება ის შტოა, რომლის მყარ და თანმიმდევრულ განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება. რეფორმების გრძელ და ქარტეხილიან გზაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უამრავი რესურსი და ენერგია ჩაიდო უკეთესი სასამართლოს შექმნისთვის. მათი გამოცდილება, ხელშეწყობა და წვლილი, ვიაროთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, შეუფასებელია. სასამართლოს დამოუკიდებლობა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე დგას. ამიტომ, ინდივიდუალური მოსამართლის გასაძლიერებლად ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეტი დემოკრატიის შემოტანა მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში, თავისუფალი ხმის წახალისება ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელიც ყველა მოსამართლეს გააძლიერებს. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ღიად გამოვხატოთ ჩვენი საერთო მოსაზრება, რათა საზოგადოების მხრიდან არ იყოს აღქმული, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს ყველა მოსამართლე იზიარებს.
მიგვაჩნია რომ "მოსამართლე მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის" შენების გზაზე აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა ჩვენი ერთგული პარტნიორების გამოცდილების, რჩევების, რეკომენდაციისა თუ კრიტიკის გაზიარება იმ დემოკრატიის ნაწილია, რომლის შექმნაც ჩვენ სასამართლო სისტემის შიგნით გვსურს. ამ მიმართებით კი საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ფასდაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განცხადება ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის ხელმოსაწერად".
ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას ემიჯნებიან:
უზენაესი სასამართლო:
1. ნინო ბაქაქური
2. ეკატერინე გასიტაშვილი
თბილისის სააპელაციო სასამართლო:
3. ქეთევან მესხიშვილი
4. შოთა გეწაძე
5. გელა ბადრიაშვილი
რაიონული/საქალაქო სასამართლოები:
6. ეკა არეშიძე - თბილისის საქალაქო
7. ზაზა მარტიაშვილი - თბილისის საქალაქო
8. თამარ ხაჟომია - თბილისის საქალაქო
9. გიორგი ებანოიძე - თბილისის საქალაქო
10. ხათუნა ჯინორია - თბილისის საქალაქო
11. მადონა მაისურაძე - რუსთავის საქალაქო
12. ციცინო კიკვაძე - ქუთაისის საქალაქო
13. ლევან დარბაიძე - გორის რაიონული
14. ნინო გერგაული - გორის რაიონული
15. ბადრი ნიპარიშვილი - თეთრიწყაროს რაოინული
16. მამუკა წიკლაური - თელავის რაიონული
17. მანანა მესხიშვილი - თბილისის საქალაქო
18. თამარ ჩიხლაძე - თბილისის საქალაქო
შეგახსენებთ, 4 ნოემბერს, ადმინისტრაციული კომიტეტმა, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების გამო, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების საელჩოები, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევას თავდაპირველად საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. ელჩი ჰარცელის შეფასებით, საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.
კრიტიკული იყო საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემამ კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.
საელჩოს განცხადებით, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.
საბჭოს წევრების არჩევას გაუგებარი უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. საბჭოს ახალი წევრები მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე აირჩიეს.
ახალი წევრების არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ.