დღეს, 16 ნოემბერს, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფელ დირბში გაზიფიცირების და წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოს მიმდინარეობას დაათვალიერებენ.
დირბში სასმელი წყლის პრობლემა დიდი ხანია დგას. გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით გასულ წელს მოხერხდა სათავე ნაგებობასთან არსებული 500-ტონიანი რეზერვუარისა და მაგისტრალური სადენის რეაბილიტაცია, მაგრამ სოფელში არსებული მოძველებული შიდა ქსელების გამო სასმელი წყალი მომხმარებლამდე ვერ მიდიოდა. ამჟამად სწორედ შიდა ქსელის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სათავე ნაგებობიდან წყლის ყველა უბნამდე მიყვანას. პროექტი საქართველოს მთავრობის მე-40 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
არსოშვილი დირბში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოსაც დაათვალიერებს. დღეს ქარელი და მუნიციპალიტეტის 17 სოფელი უკვე გაზიფიცირებული. მიმდინარე წელს გაზიფიცირება მუნიციპალიტეტის 5 სოფელში განხორციელდება. გაზიფიცირების გარეშე რჩება 9 ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლები. პროექტს შ.პ.ს. "სოკარჯორჯია გაზი" ახორციელებს