მიშელ ვუ დემოკრატიული პარტიიდან გახდა მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქ ბოსტონის პირველი ქალი და პირველი აზიელი-ამერიკელი მერი.
ამერიკული მედიის ცნობით, 36 წლის პოლიტიკოსმა, რომელიც უწინ ბოსტონის საქალაქო საბჭოში მუშაობდა, დიდი უპირატესობით დაამარცხა კონკურენტი, "რითაც დასრულდა ქალაქის მმართველობაში თეთრკანიანი მამაკაცების 200-წლიანი ბატონობა".
მიშელ ვუს მშობლები ტაივანელი იმიგრანტები იყვნენ. მან ჰარვარდის უნივერსიტეტში სამართალმცოდნის განათლება მიიღო.
ბოსტონის პარალელურად, მერის არჩევნები გაიმართა ნიუ იორკში, სადაც გამარჯვება მოიპოვა ყოფილმა პოლიციელმა, 61 წლის ერიკ ადამსმა. გარდა ამისა, ვირჯინიის შტატში გაიმართა გუბერნატორის არჩევნები, სადაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა, გლენ იანგკინმა გაიმარჯვა.