დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების ვადის გაგრძელებას იმ ობიექტებისთვის, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდგომ ახორციელებდნენ სამშენებლო საქმიანობას და ცნობილი მოვლენების გამო გათავისუფლებული იყვნენ დღგ-ის გადასახადისგან საქმიანობის წარმოების დროს.
მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული შეღავათით მოსარგებლეთა სიაში 2500-მდე სუბიექტია, რომელთაგან უმეტესობამ ისარგებლა კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათით, თუმცა სხვა პრობლემებიდან გამომდინარე ამ შეღავათით სარგებლობა პრაქტიკულად დღემდე გაგრძელდა.
კერძოდ, როგორც მაია ბითაძემ განმარტა, „პრაქტიკაში წარმოიშვა შემდეგი პრობლემა, დიდი ხნის წინ დაწყებული და გაჩერებული შენობები კონსტრუქციული არამდგრადობიდან გამომდინარე, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ექვემდებარებიან დემონტაჟს და იმავე ადგილას იმავე პროექტით მშენებლობის განხორციელებას. ეს კი ითვლება უკვე როგორც ახალი მშენებლობის ნებართვა.
ასეთ შემთხვევაში, ვეღარ ხდება საგადასახადო კოდექსის 309 მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა (რადგან ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცემა უკვე დღეს, ანუ 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ). რეალურად, კი მშენებლობა ისევ იმავე ადგილას ხორციელდება და დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ მისი არსებული მდგომარეობა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება სამუშაოების გაგრძელება. რამდენიმე პროექტზე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის და მის ადგილას ახალი მშენებლობის განხორციელების აუცილებლობა უკვე წარმოიშვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს „ცენტრ პოინტთან" მიმართებაში და არ არის გამორიცხული სხვა შემთხვევაშიც გახდეს საჭირო საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
საუბარია რამოდენიმე ობიექტზე, თუმცა დაზარალებულთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. იმისთვის, რომ ინვესტორმა დაასრულოს ეს მშენებლობები და ის არ მოექცეს დამატებით ფინანსურ წნეხში, სწორედ ამიტომ ხორციელდება აღნიშნული ცვლილება", - განაცხადა მომხსენებელმა.
კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.