რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „არჩევნების შედეგების სახელდახელო შეჯამებას“ აქვეყნებს და აღნიშნავს,რომ ხელისუფლების საქმე არსებითად არის დამთავრებული და მისი გაშვება მხოლოდ ტექნიკური საკითხია.
„ჯერ არაა ცნობილი ცესკოს საბოლოო შედეგები, მაგრამ თუნდაც ისეთი შედეგები დაჯდეს, რომ ყველა ოლქში ხელისუფლების კანდიდატმა მოიგოს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა: ამ ხელისუფლების საქმე არსებითად არის დამთავრებული და მისი გაშვება მხოლოდ ტექნიკური საკითხია.
რატომ ვფიქრობ ასე?
იმიტომ, რომ როცა მთელი ადმინისტრაციული რესურსის, ფორმალური და არაფორმალური სახელისუფლო ბერკეტების გამოყენებით სულ რაღაც ორი-სამი-ოთხი პროცენტით ამარცხებ დიდი ქალაქებში და რაიონულ ცენტრებში მოწინააღმდეგეს, რომელიც კრიმინალურ ბანდად და სისხლისმსმელების ხროვად გყავს გამოცხადებული და რომელი პოლიტიკური ძალის მიმართაც საზოგადოებაში რეალურად არის არცთუ პატარა ხარისხის მიუღებლობა, ეს ნიშნავს, რომ მხარდამჭერი რეალურად არც გყავს და ნაცების საფრთხობელაც როგორც მინიმუმ მთლად ეფექტურად აღარ მუშაობს,
ასეთ სიტუაციაში კი, თუ ხელისუფლება არ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და სხვადასხვა მანიპულაციებით მივა 2024 წლამდე, მას ელოდება სრული ფიასკო და კატასტროფა. იმ ვარიანტს, რომ ამ სამ წელიწადში ეს ხელისუფლება არნახულ აღმშენებლობას გააჩაღებს და ხალხის ნდობას დაიბრუნებს, ცხადია სერიოზულად არ განვიხილავ. რაც მეტხანს იქნება ოცნების მმართველობა, კრიზისიც იმდენადვე გაღრმავდება და მორიგ საპარლამენტო არჩევნებში დიდ სახალხო რისხვად დაატყდება თავზე.
ამიტომ ხელისუფლების ადგილას მე სერიოზულად ვიფიქრებდი ლიდერშიფის გადახალისებაზე, ანუ სრულიად ოდიოზური ღარიბაშვილის, კობახიძის და მისთანათა გამოცვლასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ჩემი აზრით ესეც არ უშველით და მაინც წააგებენ, მაგრამ უფრო, როგორც იტყვიან, დასტოინად წასვლა მაინც გამოუვათ და შეიძლება ციხესაც გადარჩნენ გვარებს არ დავასახელებ და მავანნი.
თუმცა, როგორც ჩვენი უახლესი ისტორიაც ცხადყოფს, სანამ ბოლომდე არ ჩაიხევიან, მანამდე ხელისუფლებები ვერ გრძნობენ წასვლის საჭიროებას. შესაძლოა ოცნებამ ჩათვალოს (ვეჭვობ ასეც იქნება), რომ გადააგორა ახლა კრიზისი და მერე ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით და კონტროლის გაძლიერებით შეეცადოს პოზიციის გამყარებას, მაგრამ ეს იქნება მათი მხრიდან საბედისწერო შეცდომა, რადგან, ჯერ ერთი ამას ვერ შეძლებენ არასაკმარისი რესურსის გამო და თან კიდევ ამით უკმაყოფილება გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება და იმ სეგმენტსაც შეეხება, რომელიც ახლა აქტიურად არ უპირისპირდება ხელისუფლებას. შედეგად, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სრული კატასტროფა და ჩამოქცევა 2024 წლის არჩევნებში, თუ მანამდე მიაღწიეს.
ამ ვითარებაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ნაცმოძრაობის გარდა სხვა პოლიტიკური ძალების გააქტიურება და მუშაობა იმ ამომრჩეველთან, რომელსაც ნაცმოძრაობა არ უნდა ოცნების ალტერნატივად. არ ვიცი ამას მესამე ძალა ერქმევა, მეოთხე თუ მეხუთე, გახარიას პარტია იქნება ის (და ეს პარტია რომ არ არის ბიძინას პროექტი, მე მგონი, ამ არჩევნებმა ცხადყო), რომელიმე პარტია ძველი გვარდიიდან თუ რამე მთლად ახალი გამოჩნდება, მაგრამ საპროტესტო ელექტორატის არანაცური ფლანგის აქტიურობასა და ნაყოფიერ მუშაობაზე რომ ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული და პრინციპში რეალური კოალიცია თუ გვინდა, ეს ამ ფლანგზე გაძლიერებული პარტიების გარეშე რომ გამორიცხულია, ამაში ეჭვი არ მეპარება.
აი ასეთი ამბავია, ერთი გადახედვით. დანარჩენი ვნახოთ“, - წერს ზურაბიშვილი.