გრძელდება მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ერთდღიანი მკურნალობის დასრულებისა და საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, პატრიარქის ვიზიტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ორშაბათს, 25 ოქტომბერს, ყოვლადუწმინდეს პატრიარქ ბართლომეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრა მეტად გულთბილ ვითარებაში წარიმართა.
როგორც ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფორე სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე იუწყება, პატრიარქი ბართლომე პრეზიდენტ ბაიდენს ესაუბრა პოლიტიკური ლიდერების მიერ მსოფლიოში კლიმატური კრიზისის დასაძლევად მყისიერი მოქმედებების აუცილებლობის შესახებ, ასევე - განვითარებადი ქვეყნებისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების თაობაზე. საუბარი აგრეთვე შეეხო ხალკის სასწავლებელსა და მის სამომავლო ბედს.
თეთრ სახლში მისვლამდე მსოფლიო პატრიარქი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. მდივანმა გულთბილი სიტყვებით მიმართა პატრიარქს და გაიხსენა 2011 წელს თავის ვიზიტი სტამბულში, იმხანად ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად, როდესაც მათ მსოფლიო პატრიარქმა ფანარში უმასპინძლა.
შეხვედრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ იღებს პასუხისმგებლობას, უერთგულოს ამერიკის მთავრობის მტკიცე პრინციპს - დაიცვას რელიგიის თავისუფლების უფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკაში, რაც გამოიხატება მსოფლიო პატრიარქის როლით ამ საქმეში.
თავის მხრივ, მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მას და აშშ-ის ხელისუფლებას მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერისთვის და მიმოიხილა თავისი წინა ვიზიტები ვაშინგტონსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.