საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ ალიო-მარი გახდა. განცხადება ამის შესახებ ელისეის სასახლის გენერალურმა მდივანმა კლოდ გეანმა მთავრობის ახალი შემადგენლობის გამოცხადებისას გააკეთა. ამ თანამდებობაზე მიშელ ალიო-მარი ბერნარ კუშნერს შეცვლის, რომელიც საფრანგეთის საგარეო უწყებას 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა.
64 წლის მიშელ ალიო-მარი პირველი ქალია, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. წინა წლებში იგი ჟან-პიერ რაფფარენისა და დომინიკ დე ვილპენის მთავრობებში იგი თავდაცვის სამინისტროს ედგა სათავეში, ხოლო 2007 წლიდან ფრანსუა ფიიონის მთავრობაში შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
2009 წლიდან მიშელ ალიო-მარიმ მიიღო სახელმწიფო მინისტრის სტატუსი და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას შეუდგა. ეს რანგი მან ახლაც შეინარჩუნა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გაგრძელებითაც.
საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზის გარეუბანში ვილნევ-ლე-რუაში 1946 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. განათლება სორბორნში მიიღო. იგი ჯერ სამართლისა და ეკონომიკური მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.
1973 წელს მან სამართლის დოქტორის წოდება მიიღო, ხოლო 1982 წელს კი პოლიტოლოგიის დოქტორის წოდება. იგი არის ასევე მაგისტრი ეკოლოგიის საკითხებში.
1971 წელს იგი ცოლად გაყვა მიშელ ალიოს, რომელიც აფრიკის იურისპრუდენციის სპეციალისტი იყო. მას 1984 წელს გასცილდა. 1988 წლიდან მიშელ ალიო-მარი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება პატრილ ოლიესთან, რომლიც ასევე მინისტრია ახალ მთავრობაში.
დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცოლ-ქმრული წყვილის ყოფნა ფრანგულ პრაქტიკაში გამონაკლისი შემთხვევაა. მსგავსი უკვე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა.