ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი.
19 წევრისგან შემდგარი კომიტეტი, პანდემიის განსახილველად და რეკომენდაციების გასაცემად, ყოველ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.
საგანგებო კომიტეტი, შემდეგი თაობის ვაქცინების გამოკვლევისა და ვირუსის გასაკონტროლებლად გრძელვადიანი ზომების მიღების მოწოდებით გამოვიდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების კუთხით პროგრესი არის, არსებული სიტუაციის ანალიზის და პროგნოზის მიხედვით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია", - ნათქვამია კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
კომიტეტის განცხადებით, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება, ხელის ჰიგიენა და გაუმჯობესებული შიდა ვენტილაცია ვირუსის გადაცემის შემცირების გასაღებია.
კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ პანდემია ამწვავებს სხვა კრიზისებს, მათ შორის ჰუმანიტარულ ვითარებას მსოფლიოს სხვადსსხვა კუთხეში და მასობრივ მიგრაციას, რის გამოც სახელმწიფოებმა უნდა გადახედონ მზადყოფნისა და რეაგირების გეგმებს.