სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგებით უკმაყოფილო პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩინსკი აშშ-ს კონგრესს მიმართავს და ამ საქმეში ჩართვას სთხოვს. ოფიციალურმა ვარშავამ უკვე მონათლა ოპოზიციონერის გეგმები "სრულ სკანდალად რომელიც მოღალატეობას ესაზღვრება".
"ეს აბსოლუტურად სრული სკანდალია, რომელიც მოღალატეობას ესაზღვრება", _ განაცხადა პოლონეთის მთავრობის პრესმდივანმა პაველ გრაცმა, რომელიც იაროსლავ კაჩინსკის ინიციატივის კომენტირებას ახდენდა.
ეს უკანასკნელი კი აშშ-ს კონგრესისადმი მიმართვას რამდენიმე დღეში აპირებს. უფრო ადრე კი კაჩინსკის არაერთგზის გაუკრიტიკებია ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება და მთავრობა დაუდანაშაულებია იმაში, რომ მას არ სურს რუსეთისგან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება.
გასულ კვირას, იაროსლავ კაჩინსკიმ პროტესტის ნიშნად ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრობა დატოვა და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მთავრობა იმაში, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ სახელმწიფოს ინტერესებს ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიების დროს.
"ჩემთვის მიუღებელია და არ მსურს ამგვარი საქმიანობის დაკანონება ქვეყნის უშიშროების საბჭოში ჩემი ყოფნით", _ აცხადებს კაჩინსკი.
პოლონეთის მთავრობა კი მიიჩნევს, რომ ამგვარ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისათვის სხვა სახელმწიფოსადმი მიმართვა მაშინ როდესაც შენს ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლება ფუნქციონირებს დაუშვებელია. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იაროსლავ კაჩინსკი ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომ "ოპოზიციონერი ცეცხლს ეთამაშება".
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ კატასტროფის მიზეზები დადგენილია, ხოლო ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი პოლონურ მხარეს აქვს გადაცემული. აღნიშნულია ისიც, რომ ამ ტრაგედიაში რუსული მხარის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები ნაპოვნი არ არის.
ანალოგიური დასკვნები გააკეთა რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ნაციონალური საავიაციო კომიტეტის მდივანმა ტომაშ ხიპკინმა.