თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებს ათი სახელმწიფოს ელჩებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თურქ ფილანტროპსა და აქტივისტს ოსმან კავალის. კავალი, რომელიც პარიზშია დაბადებული, 2017 წლიდან თურქეთში სასჯელს იხდის განაჩენის გამოტანის გარეშე. იუწყება France 24.
"ეს არის თქვენი საქმე, ასწავლოთ გაკვეთილები თურქეთს მისსავე ტერიტორიაზე? ვინ ხართ თქვენ საერთოდ?" - განაცხადა ერდოღანმა.
"მე ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ვერ მივცემთ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას - მივიღოთ ეს ელჩები ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ორშაბათს, 18 ოქტომბერს, გერმანიის, დანიის, კანადის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, აშშ-ის, ფინეთის, საფრანგეთისა და შვედეთის ელჩებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეიცავს მოწოდებას თურქეთის ხელისუფლებისადმი "დაუყოვნებლივ და სამართლიანად გადაწყვიტოს კავალის საკითხი". ელჩები აღნიშნავენ, რომ აქტივისტის ხანგრძლივი დაკავება თურქეთს ჩრდილს აყენებს.
სამშაბათს, 19 ოქტობერს ელჩები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.
64 წლის თურქი ფილანტროპი და აქტივისტი პარიზიდან, ოსმან კავალი, 2017 წლის შემდეგ თურქეთის ციხეში იმყოფება ყოველგვარი საბრალდებო განაჩენის გარეშე. მას ბრალად სდებენ 2013 წელს ანტისამთავრობო გამოსვლებში, ასევე 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას.