რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და იაპონიის პრემიერმა ნაოტო კანმა იოკოჰამაში გამართული შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას დნობაზე დამყარებული დიალოგის განვითარება სურს.
"ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრისა და მოლაპარაკებების შემდეგ საფუძველი ჩაეყრება ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნდობით აღსავსე დიალოგის წარმოებას", _ განაცხადა მედვედევმა შეხვედრის დასაწყისში.
თავის მხრივ იაპონიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს "განვითარდეს მეგობრული ურთიერთობები რუსეთსა და იაპონიას შორის ორმხრივ პარტნიორულ საფუძველზე".
"მინდა ამის მისაღწევად ძალისხმევა არ დავიშურო. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება საწყისი სრულმასშტაბიანი დიალოგის დაწყებისა თქვენთან, რომლის საფუძველიც ნდობა იქნება", _ განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობები რამდენიმე ხნის წინ დაიძაბა და ამის მიზეზი პრეზიდენტ მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების იმ ნაწილის მონახულება გახდა, რომელსაც იაპონია თავის საკუთრებად მიიჩნევს.