ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ", განმარტავენ საელჩოში.
შეგახსენებთ, გუშინ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. თავდაპირველი ინფორმაციით, ნანგრევებში 10-დან 15-მდე ადამიანი მოყვა. ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია ნანგრევებში, ამ დრომდე, უცნობია.
კორპუსის ჩამონგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. 7 ადამიანის ცხედარი გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი ქალი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი იმყოფება კლინიკაში, 36 წლამდე კაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.