შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი
"როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს, თუმცა ვერ ვადასტურებ, უნდა ასწიონ სინკარები და ნახონ", - ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ბათუმში სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობის ადგილიდან განუცხადა.
ამასთან ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ნანგრევებში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს.
"კორპუსის ნანგრევებიდან ორი ადამიანია ამოყვანილი, რომლებიც კონტაქტურები იყვნენ და კლინიკაში არიან გადაყვანილი. ვვარაუდობდით, რომ ნანგრევებში იქნებოდა 10-დან 15 ადამიანამდე, თუმცა ვაზუსტებთ და სავარაუდოდ ნანგრევებში 10 ადამიანზე მეტი მოყოლილი არ უნდა იყოს. ზუსტ რაოდენობას ვერ ვასახელებთ, რადგან შესაძლოა ვინმე იყო სტუმრად, რამდენიმე დაკეტილი ბინა იყო, რომელთა მფლობელებიც თბილისში არიან და ვერ გვიდასტურებენ ბინაში ვინმე იყო თუ არა", - განაცხადა შს მინისტრმა.
დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანი მოყვა.