ირანი ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრებთან მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს. ირანის სასაზღვრო ჯარების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ამ დილით დაიწყო. განცხადებას ამის შესახებ ირანის პროვინციების სისტანისა და ბელუჯისტანის სასაზღვრო ძალების სარდალი ნაბი კუხკანი ავრცელებს.
სამხედრო სწავლებაში ექვსი ათასზე მეტი მესაზღვრე მონაწილეობს. სამხედრო მანევრებში ასევე ჩართულია სახალხო მოხალისეთა ჯგუფი "ბასიჯი".
მანევრები ორ ეტაპად ჩატარდება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მათი მთავარი ამოცანა ირანის სასაზღვრო ჯარების ბრძოლისუნარიანობის შემოწმებაა. ნაბი კუხკანის ინფორმაციით, საწვრთნელ პოლიგონად არჩეულია საზღვარი ირანის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის სიგრძე 1,5 კილომეტრია.
აღსანიშნავია, რომ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რაიონები უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე არასაიმედო რაიონებად მიიჩნევა, ვინაიდან სწორედ ამ რაიონების გავლით გადის ავღანური ნარკოტრაფიკისა და კონტრაბანდის გზა. ამას გარდა, პროვინცია სისტანსა და ბელუჯისტანში მოქმედებს სუნიტური ექსტრემისტული დაჯგუფება "ჯუნდალლა" (ალაჰის მებრძოლები).