მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, მზად არის, რომ ტელეკამერების თანდასწრებით ნარკოტესტი ჩააბაროს. ამის შესახებ ბასილაიამ რუსთავის პენიტენციალურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ადვოკატი პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს.
"მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მე მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს. ჩვენ მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით, ამისთვის მზად ვართ.
ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი", მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით თუნდაც ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ, ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს მოვისმენთ”, - თქვა ბექა ბასილაიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი საქართველოში დაბრუნების ვერსიები განიხილა. ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის ნარკოდამოკიდებულებაზეც ისაუბრა.