ქალაქ გორში დამისამართების პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
გორის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე შეხვდნენ შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს. ამავე ღონისძიებას დაესწრო შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დამისამართების ახალი კონცეფციის გაცნობა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ წარდგენილი დამისამართების კონცეფცია საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს, რის შედეგადაც სამოქალაქო რეესტრს მიენიჭა უფლებამოსილება კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მასშტაბით დამისამართების პროცესს.
ამავდროულად, საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა დამისამართების კონცეფციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გაცნობა, დამისამართების პროცესში ჩართული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთთანამშრომლობისა და კონცეფციის ადგილზე იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა.
პროექტი „დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში" მიზნად ისახავს კონცეფციის მომზადებას საქართველოში მისამართების ერთიანი რეესტრის შესახებ.
ცნობისთვის, ქვეყანაში არ არსებობს რაიმე მონაცემთა ბაზა ან კომპეტენტური საჯარო დაწესებულება საიდანაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება კონკრეტული მისამართების, მათი არსებობისა თუ არ არსებობის შესახებ. პრობლემა რომელიც დამისამართებას შეეხება, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.
პროექტი მიზნად ისახავს, განისაზღვროს ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მისამართების რეესტრის წარმოებაზე და დადგინდეს სხვადასხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფის სისტემა.
როგორც შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პროექტი ნიშნავს იმას, რომ თითოეული სახლი იქნება დამისამართებული და საბოლოო ჯამში საქართველოს მასშტაბით იქნება ერთიანი დამისამართების სისტემა - მონაცემთა ერთიანი ბაზა, რის საფუძველზეც შემდგომში უკვე GPშ ნავიგაციის სისტემა აიგება.
ლაშა გოცირიძის თქმით, დამისამართების პროექტი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რადგან მცირე დროში ვერ მოესწრება მთელი საქართველოს დამისამართება. მთლიანობაში ეს პროექტი სავარაუდოდ 2011 წლის ბოლოსკენ დასრულდება.
`მოხარულები ვართ იმით, რომ პირველი შეხვედრა პროექტთან დაკავშირებით სწორედ გორში გაიმართა. ჩვენ ყველანარ დახმარებას გავუწევთ სამუშაო ჯგუფს დამისამართების პროგრამის წარმატებით განხოციელებაში,~-განაცხადა ზურაბ არსოშვილმა.