დღეს, ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD) თელავში დემოკრატიის სკოლის გეგმის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციას სკოლის ექსპერტები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
NIMD-ის დემოკრატიის სკოლის შესახებ პრეზენტაციას ექსპერტი ლევან ცუცქირიძე წარმოადგენს. გაიმართება დაინტერესებული პირების პრეზენტაცია და დისკუსია.
NIMD გეგმავს კახეთში განახორციელოს დემოკრატიის სწავლების პროგრამის პილოტირება. პროგრამის ზოგადი ამოცანაა ხელი შეუწყოს დემოკრატიის აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბებას, რომლებიც მომავალში დემოკრატიული პრინციპების ერთგულები იქნებიან. უახლოეს მომავალში (2010), NIMD შექმნის სასწავლო გეგმას დემოკრატიის სკოლებისთვის, სადაც ახალგაზრდა ლიდერები და პოლიტიკური აქტივისტები ჩაერთვებიან. ასევე შეიქმნება მსგავსი სკოლის საქმიანობის დაწვრილებითი გეგმა.
დემოკრატიის სკოლის ხედვა და მისიაა: დემოკრატიული ლიდერობის და ორმხრივი პასუხისმგებლობის განვითარების გზით წარმატებული საზოგადოების მშენებლობა; აქტიური მოქალაქეების ხელშეწყობა და განვითარება დემოკრატიული ცვლილებების და საზოგადოების განვითარების მიზნით.
ტრენინები ჩატარდება კვირაში ორ დღეს, ხუთსაათიანი სესიებით. პროგრამით გათვალისწინებულია ორი ორკვირიანი შესვენება. მთლიანი კურსის ხანგრძლივობაა ოთხი თვე.
დემოკრატიის სკოლის მონაწილეების ასაკის ქვედა ზღვარია 18 წელი. შერჩევა მოხდება სააპლიკაციო ფორმის შევსების საფუძველზე.
დემოკრატიის სკოლის პროექტის სასწავლო ნაწილი 2011 წლის სექტემბერში დაიწყება.