"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ წინასაარჩევნო შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გამართა. მამუკა წოწერიას განმარტებით, რუხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომაც მასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
მერობის კანდიდატის განცხადებით, რუხში მდებარე ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც დღეს რეგიონში კოვიდთან ბრძოლის საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, სწორედ „ქართული ოცნების“ დაპირება იყო 2012 წელს.
"ამ სოფელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, რუხი ჩვენთვის არის, როგორც რეალური ასევე სიმბოლური ხიდი, გზა ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, ამიტომაც განსაკუთრებული ძალისხმევა იყო, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის. სოფელში მოგვარებულია ყველ ძირითადი ინფრასტრუქტურა, სრულად გაზიფიცირებულია, დაიგო რამოდენიმე საავტომობილო გზა, ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა და რუხის საჯარო სკოლის 300-მდე კურსდამთავრებული არის სახელმწიფო დაფინანსებაზე. შეხვედრაზე რა თქმა უნდა გამოიკვეთა გამოწვევები - არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელსაც უახლოეს ხანებში მოვაგვარებთ“ - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მისივე განმარტებით, ძალიან კეთილგანწყობილია მოსახლეობა ხედავს და აფასებს იმ განხორციელებულ ინფრასტრუქტურას და იმ განვითარებას, რომელიც უშუალოდ რუხს და მთლიანად მუნიციპალიტეტს შეეხება. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს, როგორც რუხი ასევე მთლიანად ჩვენი მუნიციპალიტეტი გააკეთებს სწორ არჩევანს და „ქართული ოცნება“ ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს“ - აღნიშნა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა.
მამუკა წოწერიასთან ერთად შეხვედრაზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი თოდუა და "ქართული ოცნების“ წევრი მერაბ ქვარაია იმყოფებოდნენ.
"რუხი არის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ერთეული ჩვენს მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული, უმნიშვნელოვანესი ობიექტი, როგორიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო განთავსებულია სოფელ რუხში, ასევე გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურას, გზების კეთილმოწყობას და აქვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები გავმართოთ. უახლოეს პერიოდში დაიწყება რუხის საბავშვო ბაღის მშენებლობა და ასევე გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, სოფელში წყალმომარაგების პრობლემის და სხვა საჭიროებების მოგვარების კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ადგილზე აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმები, რომ ინდივიდუალურად თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის პრობლემა იქნეს მოგვარებული.