გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
"კახეთის რეგიონის 5 მუნიპალიტეტში დაფიქსირდა უპრეცენდეტოდ დიდი სტიქია, სეტყვა, რომელმაც გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება, საკორდინაციო შტაბის მიერ კონკრეტული გადაწყეტილებები უკვე მიღებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კონპენსანცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კონპენსაციის სახით, სახელმწიფო 3 000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის განადგურებული ხილის ბაღები, სადაც მომავალ წლებში რეალურად ვეღარ მოხდება მოსავლის მიღება, ჩავანაცვლოთ და სწორედ ამ მიზნით, პროგრამის ,,დანერგე მომავლი" ფარგლებში, ბაღების აღდგენა მოხდება, სრული თანადაფინანსება იქნება ნერგების და თანადაფინანსება სარწყავი სისტემის. ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე ამ სტიქიიდან გამომდინარე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.