საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში კოლხური ფუტკრის გენოფონდის გამრავლება იწყება. ამის შესახებ დავითაშვილმა "ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამორჩეულია, რადგან ამ მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში სამინიტროს სისტემაში არსებული განსაკუთრებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მდებარეობს.
„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ მრავალფეროვნებაზე, ამ მრავალფეროვნების დიდი ნაწილია ქართული ფუტკარი. ქართული ფუტკარში განსაკუთრებით აღსანიშნავი კოლხური პოპულაცია, რომელიც მუხურის მეურნეობაში არის შენარჩუნებული. ჩვენ ვიწყებთ ამ პოპულაციის არა მხოლოდ შენარჩუნებას, არამედ ამ გენოფონდის გამრავლებას, იმისთვის რომ რეალურ წარმოებაში დავუბრუნოთ მოსახლეობას და მივიღოთ მეტი შემოსავალი და სიკეთე. ამავე დროს, ეს გენეტიკური რესურსები ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დედა ფუტკრის სწორი წარმოების შემთხვევაში, დამატებითი ექსპორტით მივიღოთ შემოსავალი, გავამრავლოთ და გავიტანოთ საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.