უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე იმუშავებენ. საბჭომ ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
საბჭოს განცხადებით, გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
საქართველოში დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საკოორდინაციო საბჭომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე გარკვეული შეზღუდვები დააწესა. ამ დროის განმავლობაში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აკრძალულია გასართობი ღონისძიებები, ფესტივალები და სხვა.
24 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.
დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.93%-ია, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.72%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა.