თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაში, რომელსაც ის ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ასეთი რთული ვითარების ფონზე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
"ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები... თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდ პაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ. ადამიანს სიცოცხლეში უნდა უფლებებიც და თავისუფლებებიც და ყველა უფლება იმიტომ არსებობს, რომ ვიცოცხლოთ და თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად!" - წერს ნინო ლომჯარია