გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, გერმანიის კანლცერმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივი მიაგო ღირსების რევოლუციის დროს დამოუკიდებლობის მოედანზე დაღუპულთა ხსოვნას.
თავდაპირველად, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მხარეებმა მოლაპარაკებების დროს განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ეკონომიკური თემები და მინსკის შეთანხმებების განხორციელება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელა მერკელს უკრაინის უმაღლეს ჯილდოს, თავისუფლების ორდენს გადასცემს.
მოლაპარაკებების შემდეგ, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. ამის შემდეგ, ანგელა მერკელი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ანგელა მერკელთან შეხვედრამდე, მედიასთან განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა გერმანიის კანცლერთან პრაგმატულია. "მე უფრო დაინტერესებული ვარ იმ შედეგებით, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლებელია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. არ ველოდები, რომ კანცლერი კიევში საჩუქრებით ჩამოვა".