კრემლში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს.
დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე, ორი ქვეყნის ლიდერმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
პუტინმა გერმანია რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად მოიხსენია. მერკელის განცხადებით კი მიუხედავად ბერლინისა და მოსკოვის განსხვავებულ შეხედულებებისა, ისინი აპირებენ კონტაქტის შენარჩუნებას.
"მინდა აღვნიშნო, რომ გერმანია რჩება ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში. მათ შორის, თქვენი ძალისხმევის წყალობით, ბოლო 16 წლის განმავლობაში, როგორც ფედერალური კანცლერი. გერმანია არის ჩვენთვის მეორე უმსხვილესი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი ჩინეთის შემდეგ", - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მხარეებს ბევრს სხვადასხვა საკითხზე უნდა იმსჯელონ, რომელიც პირისპირ ფორმატში განხილვას მოითხოვს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება არა მხოლოდ გამოსამშვიდობებელი ვიზიტი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს გადაწყვეტილებასთან, აღარ გახდეთ გერმანიის კანცლერი, არამედ სერიოზული, საქმიანი და შინაარსით სავსე ვიზიტი", - თქვა პუტინმა.
მერკელმა თქვა, რომ მას სურს ვლადიმერ პუტინთან განიხილოს ავღანეთსა და ლიბიაში არსებული ვითარება, ორმხრივი ურთიერთობები რუსეთსა და გერმანიას შორის, ასევე რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა.
მისი თქმით, გერმანია გეგმავს გააგრძელოს კონტაქტების შენარჩუნება რუსეთთან.
"იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ გვაქვს უთანხმოება, კარგია, რომ ერთმანეთს ვესაუბრებით", - თქვა კანცლერმა.
კრემლში შეხვედრის დაწყებამდე ანგელა მერკელმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.
მოსკოვში ვიზიტის დასრულებისთანავე, ანგელა მერკელი კიევში გაემგზავრება.