გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავთაშვილმა „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის წარადგენაზე გურიის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.
„თქვენი ინიციატივით დაწყებული გვაქვს გურიის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე მუშაობა. შესწავლა უკვე დასრულების ფაზაშია. რამდენიმე შეხვედრა რეგიონში გაიმართა. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ნაწილი შევა გურიის დაცულ ტერიტორიებში, რაც ამ უნიკალურ ბუნებას მეტად შეუნარჩუნებს მომავალ თაობას - ერთი და მეორე - შეძლებს გააჩინოს განვითარების ახალი პოტენციალი. სადაც ჩვენ გვაქვს დაცული ტერიტორიები, იქ შეგვიძლია შევქმნათ მიზიდულობის ახალი წერტილები, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. ჩვენ მზად ვართ, რომ განვახორციელოთ ინვესტირება, შევქმნათ ადმინისტრაცია, მეტი ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი იმისათვის, რომ გაჩნდეს მეტი შემოსავალი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს 10 წლიანი გეგმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამუშავდა და საზოგადოებას წარედგინა.
„მზად ვართ, რომ ამ გეგმის თითოეული ნაწილი, რომელიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის კონკრეტულ საჭიროებებს მოიცავს, მოვიტანოთ თქვენთან, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თქვენი ინიციატივები გაგვაცნოთ; ჩვენ მზად ვართ ამ ინიციატივების განსახილველად”, - აღნიშნა მინისტრმა.