ევროკავშირი "თალიბანს" უნდა ესაუბროს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
ბორელის განცხადებით, "თალიბანმა" მოიგო ომი და ამიტომ საჭიროა მათთან დიალოგის დაწყება ჰუმანიტარული და მიგრაციული კრიზისების თავიდან ასაცილებლად.
ამავე დროს, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ დიალოგის დაწყება არ ნიშნავს ევროკავშირის მიერ "თალიბანის" ლეგიტიმურად ცნობას.
"თალიბანმა მოიგო ომი, ამიტომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ქაბულის ახალ მმართველობას, ვინც უნდა იყოს ის, მიგრაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ეს ეხება დიალოგს და არა თალიბანის ძალაუფლების აღიარებას", - თქვა ბორელმა.
ჟოზეპ ბორელის თქმით, ახლა ევროკავშირის უმაღლესი პრიორიტეტი "ქაბულიდან ჩვენი პერსონალისა და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაციაა, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ".
ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატის განცხადებით, გაერთიანება განაგრძობს ავღანეთის ჰუმანიტარულ, და არა ეკონომიკურ, დახმარებას.