შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ომალოს პოლიციის შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა სრულად შეესაბამება მაღალმთიანი რეგიონის პირობებს და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
თუშეთში, ამ დრომდე სოფელ ომალოში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი დანაყოფის შენობა არ არსებობდა. ტურისტულ სეზონზე, საჭიროების შემთხვევაში, მაშველების გამოძახება ახმეტის მუნიციპალიტეტში განთავსებული დანაყოფიდან ხდებოდა.
ახალ შენობაში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმუშავებენ. სამუშაო სივრცის გარდა, ომალოს პოლიციის შენობაში განთავსებულია დასაკითხი, ამოსაცნობი, იარაღის შესანახი და ნივთმტკიცების საცავი ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაური თუშეთში მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს დეტალურად გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრი ომალოში სახელმწიფო საზღვრის ომალოს სექტორის დასაცავ მონაკვეთზე მყოფ მესაზღვრეებს გაესაუბრა. მინისტრმა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მესაზღვრეების, პოლიციელებისა და მეხანძრე-მაშველის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.