ისრაელი და მაროკო შეთანხმდნენ საელჩოების გახსნაზე, განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში ვიზიტის დროს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა შეერთებული შტატების შუამავლობით დადებული შეთანხმებების ფარგლებში.
მაროკო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი და სუდანი შეთანხმდნენ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე "აბრაამის შეთანხმების" ფარგლებში, რომელიც გაფორმდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით, მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაპიდმა ისრაელელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და მისი კოლეგა ნასერ ბურიტა შეთანხმდნენ საელჩოების გახსნაზე მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
მაროკოს ოფიციალურ პირებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ლაპიდი გახდა ისრაელის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მაროკოს 2003 წლის შემდეგ ეწვია.
შეხვედრის დროს დიპლომატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში თანამშრომლობის შესახებ.
ფოტო: არქივი