საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსი „დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება“ გამოაცხადა.
სცენარის შექმნისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (პირველი ეტაპის შედეგად ერთზე მეტი პროექტის შერჩევის შემთხვევაში, მოცემული თანხა გაიზრდება 30 000 აშშ დოლარამდე)
ეს არის რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული კინოწარმოების ხელშეწყობას; მსოფლიო კინოინდუსტრიაში როგორც ქართული კინოს, ასევე საქართველოს ისტორიისა და კულტურის სათანადოდ წარმოჩენას; ახალგაზრდა თაობაში საქართველოს ისტორიისადმი ინტერესის გაზრდას; ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითშეგნებისადმი სიამაყის განცდის გაღვივებას; დავით აღმაშენებლის პიროვნებისა და მისი მეფობის ისტორიული მნიშვნელობის თანამედროვე აუდიტორიისათვის საუკეთესო კუთხით გაცნობას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კინოწარმოებაში ჩართულ იურიდიულ პირებს
კონკურსი ოთხ ეტაპიანია, რომლის თითოეული ეტაპი ითვალისწინებს:
I ეტაპი:
კონკურსის გამოცხადებიდან ორ თვეში (2021 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში) კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სცენარის სინოფსისი მაქსიმუმ 3 გვერდამდე;
ბ) რეჟისორის ხედვა;
გ) პროდიუსერის ხედვა, სადაც სავალდებულოა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდეს ფილმის საწარმოო ასპექტებზე. პროდიუსერის ხედვა დეტალურად უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია პროდიუსერს მოცემული მასშტაბის ისტორიული ფილმის გადაღება საქართველოში. ასევე, პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს ფილმის გაქირავებისა და საერთაშორისო მაყურებლამდე მიტანის ხედვა.
პირველი ეტაპის სამუშაოსათვის დაფინანსება არ გაიცემა.
II ეტაპი
1. არაუადრეს 2021 წლის 12 ოქტომბრისა, სამინისტრო შექმნის დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარ პროფესიულ კომისიას, რომელიც კონკურსში წარმოდგენილი პროექტებიდან შეარჩევს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს სამისა) საუკეთესო პროექტს.
2. შერჩეულ კონკურსანტები დაფინანსდებიან 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით ეროვნულ ვალუტაში და განესაზღვრებათ ვადა 2021 წლის 25 დეკემბრამდე, რათა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენთი) არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 გვერდისა;
ბ) ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია (დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები, ლოკაციები და სხვა). ავტორი თავისუფალია შემოქმედებით არჩევანში; მას მხოლოდ მოეთხოვება, რომ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდეს მომავალი ფილმის ვიზუალური ხედვა.
3. 25 დეკემბრიდან 15 სამუშაო დღის ვადაში კომისიის მიერ შეირჩევა გამარჯვებული კონკურსანტი, რომელსაც სამინისტრო დაუფინანსებს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის შექმნის სამუშაოებს 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტის თანხას ეროვნულ ვალუტაში.
4. სცენარის პირველადი ვერსიის შესაქმნელად განსაზღვრულია ორი თვის ვადა.
III ეტაპი
სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია 15 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სცენარს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კონკურსანტს მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის დაწერისათვის. მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.
IV ეტაპი
სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 12 აგვისტოდან 2021 წლის 12 ოქტომბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით; კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599110508.
2. ინფორმაცია კონკურსის I ეტაპზე გამარჯვებული პროექტის/პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2021 წლის 3 ნოემბრისა.
3. ინფორმაცია კონკურსის II ეტაპზე გამარჯვებული პროექტის შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 20 იანვრისა.
4. კონკურსის დასრულების შემდეგ, საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროს მიერ კონკურსანტს უკან არ დაუბრუნდება.