ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პოლონელ ჟურნალისტებთან საუბარში კვლავ უხამსად მოიხსენია თავისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი.
ინტერვიუში, სადაც ლუკაშენკო საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის ფაქტობრივად ქაღალდზე დარჩენილი რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფო, ლუკაშენკო იხსენებს, რომ ორივე ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმები ახალი საკავშირო კონსტიტუციის მიღების შესახებ.
"მაგრამ რუსეთმა არ მოინდომა რეფერენდუმის ჩატარება. მან, ბოდიში და, "დაიკიდა" საკავშირო შეთანხმება", _ განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან ერთად, პოლონელმა ჟურნალისტებმა ლუკაშენკოს მიუთითეს, რომ იგი საკმაოდ დიდი ხანია პრეზიდენტობს _ "ეს ჩვენი პრობლემებია. ჩვენთან ეს შესაძლებელია, სხვათა შორის რუსეთშიც", _ განუცხადა ლუკაშენკომ პოლონელ ჟურნალისტებს, რომლებმაც თავის მხრივ ბელორუს ლიდერს შეახსენეს, რომ რუსეთში უკვე პუტინი პრეზიდენტი არ არის, _ "ეს როგორ? აბა ვინაა?" _ ირონიული კითხვით უპასუხა ლუკაშენკომ და თავისი "რისხვა" ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარბაევზე გადაიტანა, რომელსაც კრემლთან, ლუკაშენკოსგან განსხვავებით, კარგი ურთიერთობა აქვს.
"ყაზახეთი დემოკრატიის შუქურაა. რამდენი ხანსაც მინდა იმდენ ხანს ვიქნები. ტაჯიკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი - მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ასე ცხოვრობს", _ აცხადებს ლუკაშენკო.