იაპონიის ქალაქ ნაგასაკში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 76-ე წლისთავი აღნიშნეს.
იაპონიის მოსახლეობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
იაპონიაში წუთიერი დუმილი გამოცხადდა ადგილობრივი დროით 11:02 საათზე - სწორედ ამ დროს, 1945 წლის 9 აგვისტოს ჩამოაგდეს ატომური ბომბი ნაგასაკში.
წუთიერი დუმილის შემდეგ, ქალაქის მერმა ტომიჰისა ტაუემ და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ მოსახლეობას მიმართეს.
ხსოვნის ღონისძიება "მშვიდობის პარკში" გაიმართა.
მანამდე, 6 აგვისტოს, ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 76-ე წლისთავი ჰიროსიმაში აღნიშნეს.
ნაგასაკი გახდა იაპონიის მეორე ქალაქი ჰიროსიმას შემდეგ, სადაც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ატომბური ბომბი ჩამოაგდო. ატომურ აფეთქებას ქალაქში, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა, 75 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 08:15 საათზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომბური ბომბი, რომელმაც მიწასთან გაასწორა 350-ათასიანი ქალაქი. ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას 140 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
ატომური დაბომბვიდან მალევე იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვები კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის სამხედრო გამოყენების ერთადერთ შემთხვევად რჩება. შეტევა განხორციელდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე.