ამერიკის მთავრობამ სოფელ ფრეზეთში, 600-მდე იძულებით გადაადგილებული პირისთვის წყლის მომარაგებისა და შენახვის ახალი სისტემა ააშენა. ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
"ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა კარდენმა მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის გახსნაში, რომელიც აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა განახორციელა. ამიერიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს წყლის მომარაგების ახალი, ელექტრონული სისტემა და 100,000 ლიტრის ტევადობის ავტომატური საქაჩით აღჭურვილი წყლის ავზების სისტემა ექნება.
წყლის მიწოდების სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფრეზეთის მოსახლეობის ძირითადი სერვისების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პროექტი აშშ-საქართველოს მრავალმხრივი პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.