შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების "ჯაველინის" რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კონგრესს უკვე აცნობა.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ითხოვს "ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვას.
შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოსთვის "ჯაველინის" გადაცემა, გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.
"საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. "ჯაველინის" სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა", - ნათქვამია სააგენტოს მიერ კონგრესისთვის წარგზავნილ ინფორმაციაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის "ჯაველინის" მიყიდვა რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს არ შეცვლის.
"ჯაველინის" ახალი პარტიის შესყიდვის შესახებ, მიმდინარე წლის 13 მაისს, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
საქართველომ ჯაველინის სისტემის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის პირველი პარტია 2018 წელს მიიღო.