ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. აღმაშენებლის ქუჩაზე უხვი ნალექის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა.
საცხოვრებელი სახლები დაიტბორა დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე. რამდენიმე სახლში წყალი პირველ სართულზე შევიდა და საოჯახო ტექნიკა დააზიანა.
ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს ,,ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის ცხელ ხაზზე დაფიქსირებულია 100-ზე მეტი შეტყობინება.
სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები.
ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები.
დაზარალებულების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი დახმარება კომისიური წესით განხორციელდება.
სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს მერიის შესაბამისი სამსახურები.
მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულს უკვე უახლოვდება, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საგანგაშო ვითარებაა მდინარე ენგურზე, სადაც წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა.